მაია ბითაძე – „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის, რადგან მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე პოლიტიკური პარტიების რეაქციები არაადეკვატურია.

მისივე თქმით, „ენკას“ განცხადება უსიამოვნოა, თუმცა ტრაგედია არ არის, რადგან საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს.

„მთავრობის მიერ განხორციელებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე პოლიტიკური პარტიების რეაქციები არის არაადეკვატური. მათ თავად უნდა გაიაზრონ და პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რასაც მათ მიერ გამოწვეული პოლიტიკური ტურბულენტობა იწვევს. „ენკას“ განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს. სწორედ ეს გეგმა შექმნის იმის საფუძველს, რომ ახალი ინვესტიციები იყოს მოძიებული. სასიამოვნო არ არის, როცა ამხელა ინვესტიციის თაობაზე კომპანიის მსგავსს განცხადებას ვისმენთ, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერი გაირკვევა. ჩვენთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა სახელმწიფო ცდილობს, ეს დამოუკიდებლობა მოიპოვოს, სამომავლოდ, მოსახლეობამ, მთავრობამ და ოპონენტებმა კარგად უნდა გავიაზროთ, გარკვეული თემებით სპეკულირება სახელმწიფოს და მის განვითარებას როგორ ზიანს აყენებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.