კახა ქემოკლიძე – პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკითა და მასკარადით 2 ოქტომბერს უნდა დასრულდეს

ევროკავშირთან რომ მსგავსი ტიპის რაღაცები ხდება, მიუღებელია. რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია. პოლიტიკოსები პოლიტიკით უნდა დაკავდნენ და არა პროვოკაციებით. ეს აბსოლუტურად ყველას ეხება, – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს.

ქემოკლიძის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო მძიმეა და ამის ნათელი დადასტურება იყო ის, რაც მოხდა ქვემო ქართლსა და რუსთავში.

„ზოგადად, მთელი ამ თვეებისა და კვირების განმავლობაში, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან ძალიან ბევრ ადამიანზე ძალიან დიდი წნეხი ხორციელდებოდა. ადამიანები, რომლებიც ხელს გვართმევდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიქნებით ღირსეული კანდიდატები კონკრეტულ მიმართულებებზე, ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ბოდიში, ჩემი ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, აი, აქედან გამოაგდეს, დაემუქრნენ, კონკრეტულ კერძო კომპანიაში შევიდნენ იმ მიზნით, რომ ეს ადამიანები რეალურად დაეტერორებინათ. ეს ყველაფერი გვახსოვს, როდის ხორციელდებოდა და რომ არ მოხდეს ეს ყველაფერი, უნდა მოვახდინოთ ცვლილება“, – განაცხადა ქემოკლიძემ.