ანა დოლიძე – მუშტი-კრივის, მაჩოობის გამო ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას და ჩვენ, პოლიტიკოსები ყოველდღე მოსახლეობის ნდობას ვკარგავთ

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება ნათელი მაგალითია იმ ორპოლუსიანობისა, რომელიც ღუპავს ქვეყანას.

მისივე თქმით, მთელი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ეხმიანება.

„ეს დაპირისპირება ნათელი მაგალითია იმ ორპოლუსიანობის, რომელიც ღუპავს ქვეყანას, იმ სიძულვილის, რაზეც ფოკუსირებულია მთელი ჩვენი ქართული პოლიტიკა. სწორედ ამ სიძულვილის გამოა, რომ მოქალაქეები პოლიტიკოსებს არ ენდობიან, არჩევნებზე არ მოდიან და საერთოდ, პოლიტიკისკენ გამოხედვაც არ უნდათ. ეს დაპირისპირება და მუშტიკრივი ჩვენ უნდა დავასრულოთ. ჩვენი ამოცანაა, მთელი ყურადღება მედიაში და პოლიტიკაში გადავიტანოთ კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც მოსახლეობის დაკვეთას ეხმიანება. ეს კინკლაობა, მუშტიკრივი, მაჩოობა, დაპირისპირება არის ის, რის გამოც ჩვენი ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილას დგას და რის გამოც ჩვენ, პოლიტიკოსები ყოველდღე მოსახლეობის ნდობას ვკარგავთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა.