გიორგი ვაშაძე – ნამდვილად არასწორია, როცა შენს აქტივისტებს მიიყვან და გინდა, დაძაბო კიდევ სიტუაცია, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ გუშინდელი ქმედება, თუნდაც ოპოზიციის ლიდერისგან, იყო სწორი

უმძიმეს და არანორმალურ ვითარებაში მიდის საარჩევნო პროცესი. ეს არის ვითარება, სადაც დაჭრა, გატაცება ხდება სტანდარტი და დაპირისპირებამ შეიძინა სრულიად სხვა განზომილება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს.

„ჩვენ, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მაგრამ მეორე, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ვიბრძოლოთ, რათა ეს უკიდეგანოდ უსამართლო ვითარება ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ იყოს არჩევნები თავ-პირის მტვრევა ამ ქვეყანაში, უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ იყოს არც ერთი ქმედება დაუსჯელი, უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ის, რაც ახლა ხდება არის უმძიმესი რამ და „ქართული ოცნება“ პირდაპირ ძალადობით ცდილობს, რომ არჩევნების შედეგი გაიფორმოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ის, რაც ევროკავშირის ოფისთან მოხდა, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის, არის ნამდვილად ძალიან მძიმე და უმსგავსი ქმედებები.

„ევროკავშირის ოფისთან რაც მოხდა, ნამდვილად არის ძალიან მძიმე და უმსგავსი ქმედებები. მათ შორის, ნამდვილად არასწორია, როცა შენს აქტივისტებს მიიყვან და გინდა, დაძაბო კიდევ სიტუაცია. გულწრფელად გეტყვით, რომ პირადად მე, ნამდვილად არ მგონია, რომ სწორია თუნდაც ოპოზიციის ლიდერისგან ქმედება, რომელიც იყო გუშინ, ნამდვილად არ მივესალმები ასეთ ქმედებას პოლიტიკაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მძიმეა გარემო ზოგადად საარჩევნო თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, მშვიდად და წყნარად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ვისაც ძალადობისკენ ახალისებენ საკუთარი პოლიტიკური ლიდერები, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, რომ შევიკავოთ თავი ძალადობისგან და მშვიდად და წყნარად ჩავატაროთ არჩევნები. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.