ირაკლი კობახიძე – ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც „მწვანე შუქი” შემდგომი პროვოკაციებისთვის

ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფისსაც იმიტომ, რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში და როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარლ ჰარცელის „მეტისმეტად რბილი“ განცხადება შესაძლოა, ნიკანორ მელიამ გაიგოს როგორც „მწვანე შუქი” შემდგომი პროვოკაციებისთვის“.

„შეფასება იყო საჭირო და ეს შეფასება უნდა ყოფილიყო მკაფიო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. ასეთი შეფასება არ არის სახეზე ასეთ შემთხვევაში.

სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება, გახდეს ერთგვარი “მწვანე შუქი” ნიკანორ მელიასთვის იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი. საჭიროა, მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ. განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც “მწვანე შუქი” შემდგომი პროვოკაციებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან“, – განაცხადა ჰარცელმა.