თუ მისი განცხადებები კიდევ იქნება არაობიექტური, ჩვენც მის მიმართ ვიქნებით კრიტიკულები – მამუკა მდინარაძე კარლ ჰარცელზე 

თუ მისი განცხადებები კიდევ იქნება არაობიექტური, ჩვენც მის მიმართ ვიქნებით კრიტიკულები – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ,,რუსთავი 2″ -ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰარცელისთვის არაერთი სამადლობელი სიტყვა უთქვამთ, მაგრამ ობიექტურობა საჭიროა.

,,თუ მისი განცხადებები კიდევ იქნება არაობიექტური, ჩვენც მის მიმართ ვიქნებით კრიტიკულები. ამის მიუხედავად, ჩვენ მისთვის უამრავი მადლობა გადაგვიხდია, მათ შორის მედიაციისთვის. იმ ძალიან დიდი ძალისხმევისთვის, რაც ამ ადამიანმა მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, ამ ქვეყნის განვითარებისთვის გააკეთა. ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. მაგრამ ამის საპირწონე არ არის ის, რომ გაჩუმდე, ფიქრობდე ერთს და თქვა მეორე. ვერ გვექნება ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთთან. რაზეც მადლობაა სათქმელი, გადავუხდით მადლობას და შევაფასებთ ობიექტურად მის განხადებებს” – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კომენტარი გააკეთა გუშინ ევროკავშირის ოფისის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

,,ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება”  განაცხადა მან.