“არ დავთმოთ რუსთავი 2! გამოდით და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი2!”
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას საჯარო განცხადებით მიმართა.
-„დღეს იწყება არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის და გულშემატკივრების ბედი, არამედ მათიც, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და იმ სამი მოსამართლის ბედიც, რომელიც ჩვენს საქმეზე მსჯელობს. დღეს ამ სამი ადამიანის მიერ წყდება ის გზა, თუ რას აირჩევს საქართველო. იქნება რუსული გზა, თუ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას იღებს ეს სამი მოსამართლე, რომლებიც პასუხს აგებენ ისტორიის სამსჯავროს წინაშე. მათ თავად უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამაც გაითავოსის, რომ წყდება მათი ბედიც. ჩვენ არ გადავხედავთ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას და ვიქნებით მუდმივად კრიტიკულები. მედიის საქმეა კრიტიკა და არა ტაშის დაკვრა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა აქ მდგომის რწმენით ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს.
მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს რა გზას დაადგეს და არ დაუშვას შეცდომა!
ჩვენ მაინც არ ვკარგავთ რწმენას, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მიუხედავად ამისა, ჩვენი მტკიცე და მკაფიო გადაწყვეტილებაა არ დავთმოთ რუსთავი 2 ნებისმიერ ვითარებაში . დავიცვათ ბოლომდე სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ევროპული გზა!
მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა-დაიცავით რუსთავი 2. თქვენს გარეშე ეს ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, რაც დაშვებულია კანონით!
გამოდით ნებისმიერ დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2. არ ვნებდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას!.
გამოდით დღეს 2 საათზე დაანონსებულ აქციაზე უზენაეს სასამართლოსთან!”