ანა დოლიძე – ღირსეულ ქვეყანაში ვეტერანი 22 ლარით არ უნდა ფასდებოდეს

პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც დოლიძემ განაცხადა, სოხუმის დაცემის დღე ტრაგიკული დღეა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

„სოხუმის დაცემის დღე არის ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. თუმცა, რასაც ვაკეთებთ ამ დღის აღსანიშნავად არ უნდა დარჩეს სადღეგრძელოების დონეზე და საქმეში უნდა აისახებოდეს. პირველ რიგში ეს ეხება იმ სამარცხვინო პენსიებს, რომელსაც იღებენ ომის ვეტერანები. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მიზერული თანხით ვაფასებთ იმ ხალხს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ყველაფერ იმაში, რასაც დღეს ვიხსენებთ.

ღირსეულ ქვეყანაში ვეტერანი არ უნდა იღებდეს 22 ლარს, რომელსაც თუ მუშაობას დაიწყებს, ვუხსნით. ვიდრე საქართველოში გაყინულია დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკა, ვიდრე ვეტერანები 22-ლარიანი პენსიით ფასდებიან, დევნილები კი ყოველდღე იბრძვიან არსებობისთვის, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, უბრალოდ ფარსია. როდესაც რეალურად დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას, მხოლოდ მაშინ დავინახავთ, რას ნიშნავს სოხუმის დაცემის დღე და მთლიანად აფხაზეთი ჩვენთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.