პრემიერის განცხადებით ეკონომიკა დუღს, პარტნიორებს 300 მილიონის დახმარებაზე უარეს ეუბნება, ივლისსა და აგვისტოში კი სოციალურად დაუცველების რაოდენობა რეკორდულად 67 266 -ით იზრდება – ანა ბიბილაშვილი

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ბრიფინგი გამართა და საქართველოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა. ბიბილაშვილმა ბრიფინგზე ის სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ივლისსა და აგვისტოში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 67 266-ით გაიზარდა.

„საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული სოციალურ სააგენტოში და ელოდება სახელმწიფოსგან შემწეობას. სამწუხაროდ ამ ქვეყნის მოსახლეობის მესამედი უკიდურეს სიღარიბეშია.

მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი სიამაყით აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს და ჩვენს პარტნიორებს უარს ეუბნება 300 მილიონის დახმარებაზე, ვხედავთ რიცხვებს, რომ ივლისსა და აგვისტოში სოციალურად დაუცველების შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად 67 266 -ით გაიზარდა. თუ პრემიერის განცხადებას დავეყრდნობით, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს, ჩნდება კითხვა რატომ გაიზარდა სოც დაუცველთა რაოდენობა ორ თვეში 67 266-ით,“- აღნიშნა ბიბილაშვილმა.

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმასაც უსვამს ხაზს, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი ამომრჩეველზე ზემოქმედება და მანიპულაცია იყოს.

„ შესაძლოა ხელისუფლება გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც დღეში 2 ლარის შემწეობას ითხოვენ, საარჩევნოდ იყენებს. გასარკვევია, მცირედი შემწეობის სანაცვლოდ სახელმწიფო მათ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხომ არ აიძულებს. ამ კითხვებს შესაბამის სადამკვირვებლო ორგანოებს გადავცემთ, რადგან საეჭვო რიცხვებია. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სიღარიბე და ადამიანების გაჭირვება უნდა დავასრულოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ დაუსაბუთებლად, ეჭვი ეყრდნობა სტატისტიკას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით როგორ იყენებს ხოლმე ხელისუფლება სოც დაუცველებს წინასაარჩევნოდ და ხშირად ემუქრებიან შემწეობის მოხსნით. ეს ადამიანები უნდა დავიცვათ და მათზე ვიზრუნოთ,“- აღნიშნა ბიბილაშვილმა.