„სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ეხმარება“ – ვახო მეგრელიშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების დაანონსებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ეხმარება.

ვახო მეგრელიშვილის თქმით, არჩევნები იმდენად ღარიბია, რომ „კოკაინშიკის“ და ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა-არჩამოსვლის გარდა მედიაში სხვა თემები არ არსებობს.

„სინამდვილეში იმდენად ღარიბი არჩევნები გვაქვს, რომ ერთი „კოკაინშიკის“ და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა – არ ჩამოსვლის გარდა, ფაქტობრივად, მედიასივრცეში რეალური თემები ფიზიკურად არ ირჩევა.

ვფიქრობთ, რომ ეს ორივე მხარისთვის მისაღები თამაშია. გაიხსენეთ, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური და გაგახსენდებათ რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ პედალირება, რომ „მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის, ჩვენ შეიძლება გავიმარჯვოთ“ და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, სააკაშვილის განცხადებები „ქართულ ოცნებას“ ეხმარება. სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ იმ ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს, რომლის ერთადერთი ამოცანა არჩევნებზე სიარულისთვის ეს არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოუშვას“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.