მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: თუ „მწვანე“ გზებითა და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, კომიკურად გამოიყურება

„სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება. შსს-მ გააკეთა განცხადება, არცერთი გამშვები პუნქტის მეშვეობით, ის საქართველოში არ იმყოფება, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და ამას შეგვიძლია ვენდოთ. თუ „მწვანე“ გზებით და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, ესეც კომიკურად გამოიყურება“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად.

მისივე თქმით, არასასიამოვნო საყურებელია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთი გზით ცდილობს ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში.

„არ ერიდებიან არცერთი მეთოდის გამოყენებას, რომ დომინანტური როლი შეინარჩუნონ ოპოზიციაში, ამხნევებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომლებსაც გული აქვთ გატეხილი და საფუძველი არ აქვთ, დაიჯერონ მორიგი ჩამოსვლის დაპირება. შეიძლება გამოვიდეს, თქვას, რომ წავედი იმავე გზებით, იმიტომ, რომ არ იაქტიურეთ ან ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.