ანა ბუჩუკური: რევანშისტული „ნაცმოძრაობაც” და უსუსური, „ოცნებაც” ამ ქვეყანას და ხალხს აბრუნებს წარსულში და ჩვენ მეტი დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს.ხვალ ეს მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ

„რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს არის სრული ქაოსი. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ გაბოროტებულ და რევანშისტული სურვილებით შეპყრობილ ნაცმოძრაობას და მეორეს მხრივ, ვხედავთ აბსოლუტურად უსუსურ და დასუსტებულ ორგანიზაცია „ოცნებას“, რომლის მთავარი მიზანია, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება,“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და მცხეთის მერობის კანდიდატმა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მოსახლეობა მიმდინარე მოვლენებს პასუხს ხვალ, საარჩევნო ყუთებთან გასცემს.

„ამიტომ ხვალ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იმისთვის, რომ ეს მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც – რევანშისტული ნაცმოძრაობაც და უსუსური, დასუსტებული ოცნებაც ამ ქვეყანას და ამ ხალხს აბრუნებს წარსულში და ჩვენ მეტი დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს.

ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რაზეც ჩვენი გუნდი დაარსების დღიდან ბევრს საუბრობს. ეს არის დადასტურება, რომ ნაცმოძრაობა არის გუშინწინდელი დღე და ოცნება დღეს არის უსუსური და დასუსტებული. ჩვენი გუნდი მიუყვება გეგმებს, როგორც პირველივე დღიდან გვქონდა დაგეგმილი და ხვალ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ღირსეულ პასუხს გასცემს ყველაფერს, მათ შორის იმას რაც ბოლო საათების მანძილზე ხდება“- ამბობს ანა ბუჩუკური.