კახა კალაძე: ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია

დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ამომრჩეველს მიმართა. მერობის კანდიდატმა თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც უკვე მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისელებს აქტივობისკენ მოუწოდა.

კალაძის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გაკეთებული და შემდეგი 4 წელიწადში გასაკეთებელი საქმეები გახდება მათი არჩევნებში გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული თბილისელისთვის. დღეს თბილისელები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ქალაქში სურთ ცხოვრება.

ორი თვის განმავლობაში, ჩვენ თბილისელებს ვაცნობდით ჩვენს ხედვასა და გეგმებს იმის შესახებ, თუ რა გაკეთდება თბილისში მომდევნო 4 წელიწადში, როგორ გალამაზდება ჩვენი ქალაქი, როგორ შევიტანთ მეტ სიცოცხლეს თბილისის ყველა უბანში და ზოგადად, როგორ წარმოგვიდგენია დედაქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველა უბნის მიხედვით, ყველა ქუჩის მიხედვით, თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული.

დარწმუნებული ვართ, ჩვენს მიერ 4 წლის განმავლობაში გაკეთებული და შემდეგი 4 წელიწადში გასაკეთებელი საქმეები გახდება თბილისში ჩვენი გუნდის გამარჯვების ძალიან მყარი საფუძველი.

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ არჩევნებს აქვს სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა. გვესმის, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ჩამოშლილი არიან. თუმცა, ამან არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში.

150 ათასზე მეტმა თბილისელმა უკვე გააკეთა არჩევანი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.

ამასთან, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობას“, – განაცხადა კალაძემ.