მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე, ელგუჯა ცომაიას გარდა, კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს საათებში ცნობილი გახდება დეტალები, თუ რა სახის დახმარება გაუწია აღნიშნულმა ორმა პირმა ძებნილ ექსპრეზიდენტს. როგორც პროკურორმა განაცხადა, საგამოძიებო უწყებისთვის დეტალურად არის ცნობილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლისა და გადაადგილების მარშრუტი.

„მოგახსენებთ, რომ დანაშაულის დაფარვაზე დაკავებულია კიდევ ორი პირი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გახდება ცნობილი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი საგამოძიებო უწყებისთვის დეტალურად არის ცნობილი, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს 344-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება“, – განაცხადა პროკურორმა.