ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ თანდათან, 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან – პათოლოგიური ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

მათ გამოაცხადეს ე.წ. რეფერენდუმი და ძალიან მძიმე მარცხი იგემეს: ჩვენ 47%-მა დაგვიჭირა მხარი, რაც ნიშნავს მათთვის უმძიმეს მარცხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის საარჩევნო კამპანია გაყალბებასთან დაკავშირებით აბსოლუტური სიყალბე იყო.

„რაც შეეხება მეორე ტურებს, ეს რეფერენდუმი ჩვენი მხრიდან ბოლომდეა მისაყვანი, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს დაწყებული საქმე და „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან, 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან – ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, უსაფუძვლოდ გამოცხადებული საბოტაჟით, ოპოზიციამ ქვეყანას ზიანი მიაყენა.მისივე თქმით, დღეს არის  შესაძლებლობა, რომ თვისებრივად გაჯანსაღდეს  პოლიტიკური სპექტრი.

„ექვსთვიანი უსაფუძვლო საბოტაჟი გამოაცხადეს, რითაც ქვეყანას მიაყენეს ზიანი. რაც შეეხება მცირე პარტიების შედეგებს, ეს არის ნიშანდობლივი ასპექტი. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს არ მიეცემათ განვითარების საშუალება, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის პოლარიზაციის მთავარი წყარო, რომელიც სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია, ველი გაჯანსაღდება და ამისთვის არის საუკეთესო საფუძველი – ერთი, რომ მათ მძიმე მარცხი იგემეს არჩევნებზე, რომელიც თავად გამოაცხადეს რეფერენდუმად და მეორე, მათი ბელადი არის ციხეში, რასაც ელოდა ქართული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში, უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას დღეს არის ციხეში.

ამ პირობებში გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თვისებრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. პათოლოგიური ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.