ირაკლი კობახიძე – „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 %, ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ მაჩვენებელი 68% – მდე გაიზრდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მანდატების მიხედვით პარტიების მიერ მიღებული მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შედეგები გააცნო.

„დღეს შევაჯამეთ მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნების შედეგები პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2068 მანდატი. აღნიშნული მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა:

„ქართული ოცნება“ 1 331; „ნაციონალური მოძრაობა“ 502; „საქართველოსთვის“ 109 ; „ლელო“ 27; „ევროპული საქართველო“ 18; „მესამე ძალა“ 8; „მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ 6; „პატრიოტთა ალიანსი“ 5; „ევროპელი სოციალისტები“ 4; „ლეიბორისტული პარტია“ 3; „სახალხო პარტია“ 3; „პროგრესი და თავისუფლება“ 2; „ანა დოლიძე ხალხისთვის“ 2; „მოქალაქეები“ ერთი; „გირჩი“ ერთი; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთი; „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ორი. მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უკვე მოიპოვა მანდატების 66 პროცენტი. ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი 68 პროცენტამდეც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოებში მიიღო მანდატების 25 პროცენტი, ხოლო ყველა სხვა პარტიამ ერთად – მანდატების ცხრა პროცენტი. ასეთია საერთო სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ციფრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართული ოცნების“ შთამბეჭდავ გამარჯვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა კობახიძემ.