სოზარ სუბარი – 9 წლის თავზე მიღებული 47% და სხვა მაჩვენებლები არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, თუ ვინ გაიმარჯვა ამ არჩევნებში

„გილოცავთ თქვენც და საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმატებით ჩატარებულ არჩევნებს. არჩევნებს, რომელიც ჩატარდა მშვიდ, კონკურენტულ გარემოში და რომელზეც არ დარჩა სალაპარაკო არავის, ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასაც კი. ამ ფონზე, როცა ისინი ვერ ასახელებენ ვერცერთ სერიოზულ დარღვევას, როცა ისინი მონაწილეობენ მეორე ტურში, გაუგებარია რის საფუძველზე არ შემოდიან ისინი პარლამენტში. ეს არის გაგრძელება იმ რადიკალიზაციის კურსის, იმ დაპირისპირების კურსის და დესტრუქციის კურსის, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ახასიათებდა თავისი გაჩენის დღიდან“ – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა სოზარ სუბარმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არჩევნებში მიღებული ქართული ოცნების რეიტინგი მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველი ხალხი სამშობლოს ერთგული რჩება.

„უკვე მერვე არჩევნებია, როდესაც ადამიანები რჩებიან ერთგულნი სამშობლოსი, რჩებიან ერთგულნი თავისი იდეალებისა და იდეალებისადმი ერთგულების გამოხატულება არის ის 47% რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ამ არჩევნებზე. პირველი გამარჯვებიდან 9 წლის თავზე მიღებული 47% და სხვა მაჩვენებლები არის ყველაზე კარგი ინდიკატორი თუ ვინ გაიმარჯვა ამ არჩევნებში“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.