შს მინისტრი: ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის დაბლა მიდიოდა სამშენებლო სამუშაოები, ამას პირადი მესაკუთრე აკეთებდა – გამოძიება მიმდინარეობს და თუ დადგინდება ეს მიზეზი, პასუხისგებაში მიეცემიან ის ადამიანები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი.

მისი თქმით, გაზის აფეთქება 90%-ით გამოირიცხება და პირადი მესაკუთრე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.

„ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის დაბლა მიდიოდა სამშენებლო სამუშაოები, ამას პირადი მესაკუთრე აკეთებდა და შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს ამ ამბავზე და თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. საქმე 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა მომხდარზე. 2 ადამიანი, რომლებიც გვეკონტაქტება, შიგნით არის. საერთო ჯამში, 10-15 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში, რომლებიც ამ დრომდე იქ რჩებიან. დაზუსტებით არ ვიცით ზუსტი რიცხვი.

კორპუსზე დაშენება ახალი არ არის და ეს წლების წინანდელია და შიგნით რას აკეთებდნენ, ეს არ ვიცით.

დაკავებული მომხდარზე არავინ არ არის, მიყვანილია ხალხი და გამოკითხვა მიმდინარეობს. ადგილზე, დაახლოებით, 200 ადამიანზე მეტი მუშაობს, ადგილზე ასევე არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მაშველებს ეხმარებიან. შეიძლება ითქვას, რომ გაზის ამბავი 90%-ით არ არის, ვინაიდან აფეთქება სხვანაირად ხდება,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.