ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი საჩივრის საფუძველზე, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ერთი ხმა, ხოლო პარტიას „საქართველოსთვის“ – ორი ხმა. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1 193 ამომრჩეველმა, ენმ-ის კანდიდატმა – 1 183, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა კი 507 ხმა მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ორი ხმით უსწრებდა. ჩვენი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი სოსო გოგოხია ამტკიცებდა, რომ ბათილად იყო ცნობილი ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველმა ნება დააფიქსირა, ამიტომაც, ჩვენ უბნების ხელახალი გადათვლა მოვითხოვეთ. უბნების გადათვლით დადასტურდა, რომ ჩვენი კანდიდატის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა

მისივე თქმით, გარდა ამისა საზოგადოების ყურადღება უნდა გამახვილდეს კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ვიდეომასალაც გადასცა.

„უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს და ეს ვიდეო თქვენ გადმოგეცემათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ, იპარავს ბიულეტინებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ქმედებებს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით დღის განმავლობაში და მათ განცხადებებს, ჩვენ ვიხილეთ, როგორ ჩაშალეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა და საარჩევნო კომისიის ბრიფინგი. მოვისმინეთ მათი ბრალდებები, რომ თითქოს გადათვლა „ზონდერების მიერ ქურდულად მოხდა“, – – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.