“გელოდებით ხვალ, 8 საათზე!” – ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” აქცია ჩაინიშნა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში აქცია ჩანიშნა – როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, აქცია 20:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან გაიმართება.

ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ზუგდიდში არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და თქვა, რომ არ აპირებენ უსამართლობასთან შეგუებას.

“ვიდრე ვსაუბრობთ უამრავი ადამიანი იბრძვის სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის, მაგრამ მინდა ვთქვა. მიუხედავად ამ ყველაფრის ახლაც “ქართული ოცნება” ჩართულია მძიმე გაყალბების პროცესში და იცით რა იკადრეს ზუგდიდში. როდესაც გამარჯვებული კანდიდატი გამოაცხადეს პირველ ტურში დამარცხებულად და ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ.

ნაცვლად დღეს დაგეგმილი აქციისა, რომელიც არ გავმართეთ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ბათუმში ტრიალებს, ვთხოვ ზუგდიდელებს, ყველა ადამიანს, ხვალ 8 საათზე, შევიკრიბოთ ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიასთან და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ ყველას გავაგონოთ ჩვენი ხმა. და დავარწმუნოთ ყველა, რომ არავინ არ ვაპირებთ უკან დახევას და არ ვაპირებთ თვალი გავუსწოროთ უსამართლობას. ხვალ ველოდებით მთელ ზუგდიდს!”,- თქვა ნიკა მელიამ