ეკა ხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილმა ხუთი 50-მილიგრამიანი თაფლის ქილიდან ოთხი ქილა ადმინისტრაციას დაუბრუნა

მიხეილ სააკაშვილმა ხუთი 50-მილიგრამიანი თაფლის ქილიდან ოთხი ქილა აქტზე ხელისმოწერით ადმინისტრაციას დაუბრუნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ხერხეულიძის თქმით, როგორც კი სააკაშვილმა მოისმინა სხვადასხვა ინფორმაცია ამის თაობაზე, მან გადაწყვიტა, რომ შეძენილი ქილებიდან დაებრუნებინა ოთხი, რადგან ერთი უკვე გახარჯული ჰქონდა.

„მინდა, გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მეშვეობით გავრცელდა საკვების მიღებასთან დაკავშირებით. ამ ამბის მთელი ანატომია ყოფილა ასეთი. როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად დეპარტამენტის უფროსი შევიდა, ურჩია, რომ ჩაიში შაქარი გამოეყენებინა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და უთქვამს, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია ხუთი ცალი 50მგ-იანი, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და შეიძლება, ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მაქვს და ოთხი ცალი აქტზე ხელისმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ასე რომ, ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება. ხუთი ქილიდან ოთხი დააბრუნა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.