მთავრობამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად, პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას მიიღებს სამი სახელმწიფო სააგენტო: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში – კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და მისი წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციების ხელშეწყობას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ – თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

ჩატარებული კონკურსის შედეგად, საპილოტე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესთან ან სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების მიზნით, კონკურსში გამარჯვებულ სააგენტოებს გადაეცემათ:

– ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ – 2021 წელს არაუმეტეს 2 939 884 ლარი, ხოლო 2022 წელს – არაუმეტეს 17 060 116 ლარი (ჯამში – 20 მილიონი);

– სსიპ „აწარმოე საქართველოში“ – 2022 წელს არაუმეტეს 16 200 000 ლარი;

– სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ – 2021 წელს არაუმეტეს 130 000 ლარი, ხოლო 2022 წელს – არაუმეტეს 3 300 000 ლარი (ჯამში – 3 430 000 ლარი).

კონკურსში გამარჯვებული სააგენტოების პროგრამები ითვალისწინებს საპილოტე რეგიონებში ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების მოდერნიზება-გაფართოების დაფინანსებას; ტექნიკურ დახმარებას პროდუქტის ლიცენზირებასა და სერტიფიცირებაში, ბრენდინგსა და პროდუქციის შეფუთვაში, საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში; აუცილებელ ფინანსურ მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გადაიარაღებისათვის, ინოვაციური ან მაღალტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნესპროექტების დაფინანსებას და სხვა.

საპილოტე რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვას და საშუალებას მისცემს, მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

მთავრობამ პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების, ბიზნესის, მეწარმეების მხარდასაჭერად, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, შეღავათები შეეხება იმ პირებსა და სუბიექტებს, რომლებსაც სარგებლობით, მაგალითად, იჯარით, ქირით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაცემული აქვთ სახელმწიფო ქონება და იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ან ვერ შეძლეს სარგებლობის საფასურის დროულად გადახდა, ან შეძლეს ნაწილობრივ, რის გამოც, კანონით დაეკისრათ პირგასამტეხლო.

ჯამში 1 652 პირს, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, ჰქონდა 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში – 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება.