ნათია თურნავა ბათუმში მომხდარ ნგრევაზე: დავიწყეთ მუშაობა შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებების გაფართოებაზე

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გავაფართოვოთ შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები. იგივე – მუნიციპალური ინსპექციების უფლებამოსილებები“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ბათუმში მომხდარი ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარი ყველასთვის გაკვეთილია.

„როგორც ჩანს, შესაბამისი ორგანოები მოკლებული იყო შესაძლებლობას, ჰქონოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში, თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს. ამ შესაძლებლობის გარეშე, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავიგებთ. თითოეულ ადამიანს მეტი პასუხისმგებლობა და წინდახედულობა მართებს. ეს ყველასთვის გაკვეთილია. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ გავაფართოვოთ შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები. იგივე – მუნიციპალური ინსპექციების, რათა მათ მეტი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე და მოქალაქეებს – უფრო მეტი პასუხისმგებლობა. მოქალაქეებმაც მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ და ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე. შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.