მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მათ დაუწესდეთ სწავლის საფასური, რომელიც იქნება იგივე, რაც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებს – სალომე ზურაბიშვილი 

მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მათ დაუწესდეთ სწავლის საფასური, რომელიც იქნება იგივე, რაც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ავსტრიამ სოლიდარობის ნიშნად პანდემიისას საქართველოს ვაქცინები აჩუქა, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.

„ეს არის სიმბოლური ნიშანი იმის, რომ ევროკავშირის ამ ქვეყანამ ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გადალახული. ალბათ, რაღაც ფორმით, პანდემიასთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ასევე, ვისწავლოთ მეტი პასუხისმგებლობის აღება ჩვენ თავზე, ეს არის მოქალაქის ვალი.

ასევე, სოლიდარობა გამოხატულია იმ ნაწილშიც, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ავსტრია 5 წევრით მონაწილეობს. აუცილებელია, რომ სადამკვირვებლო მისიამ, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, შეძლოს და დაფაროს ის ტერიტორიები, რისთვისაც იყო თავის დროზე შექმნილი. ამით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი, რაც შეიძლება დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას და მადლობა, რომ ამ წამოწყებაში მონაწილეობთ.

თქვენც აღნიშნეთ, რომ გარდა იმისა, ორივე ქვეყანა ვართ პატარა, მთიანი და საინტერესო, ამ ორ ქვეყანას საერთო აქვს ისიც, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაზე. ჩვენი თანამშრომლობა იყო, არის, გრძელდება და ვითარდება ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ავსტრიის განვითარების სააგენტოს როლი. ბევრი ავსტრიული კომპანია მოღვაწეობს საქართველოში და მზად ვართ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს.

გარდა ამისა, მე ყოველ ჯერზე ვეხები საკითხს, რომელიც ეხება სტუდენტების სწავლის გადასახადს. ეს გადასახადი დამოკიდებულია არა ევროკავშირზე, არამედ მის წევრ ქვეყნებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ მათ დაუწესდეთ საფასური, რომელიც იქნება იგივე, რაც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება სიმბოლურადაც, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როგორც ერთ-ერთი ასოცირებული ქვეყანა” – განაცხადა ზურაბიშვილმა.