გია ვოლსკი – ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც “ნაცმოძრაობა” ამცირებს – ახლა ცდილობენ, დაკლებული რეიტინგი წამოწიონ

ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც “ნაცმოძრაობა” ამცირებს – ახლა ცდილობენ დაკლებული რეიტინგი წამოწიონ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდნენ “ნაციონალური მოძრაობის” აქციას 14 ოქტომბერს.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” გამო შეუმცირდათ რეიტინგი, რაც გაანალიზეს და სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეუერთდნენ “ნაციონალური მოძრაობის” აქციას.

“გარკვეული პარტიები არსებობენ, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა წონამ სერიოზული დევალვაცია განიცადა იმის გამო, რომ “ნაცმოძრაობაზე” არიან დამოკიდებულები. ხალხმა დაინახა, იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები მესამე ძალას ქმნიდნენ საქართველოში, რის იმედიც ზოგიერთ ამომრჩეველს ჰქონდა, დაინახეს საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამცირებს “ნაცმოძრაობა” ზეპირადაც და საქმიანობითაც, აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ თავის დაკლებული რეიტინგი კვლავ წამოწიონ პოლიტიკურ ველზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.