ალეკო ელისაშვილი – მადლობა ცესკო-ს თავმჯდომარეს, არჩევნების დღე იყო არნახულად კარგი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, რადგან მას და მის პარტიას ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა კონკრეტული საქმეებიც, სადაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაული იკვეთება.

„რა თქმა უნდა, ამ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია.

არის კონკრეტული ამბები, რაც მის სახელს უკავშირდება. რა ვქნა, მარტო მე მაქვს ასეთი მეხსიერება? მე მახსოვს, რომ 7 ნოემბრის საღამოს „იმედში“ შევარდა სპეცრაზმი და დალეწა იქაურობა, ტყვიებს ესროდნენ და „პანჩურებით“ გამოყარეს იქიდან. მარტო მე მახსოვს ეს და ეს სააკაშვილის გარეშე გაკეთდებოდა? მე მახსოვს, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ვალერი გელაშვილი დღისით, მზისით სპეცრაზმმა სცემა და მერე არ გამოძიებულა სააკაშვილის დროს ეს საქმე. შესაბამისად, არც მე და არც ჩემს პარტიას არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა  ეთერში თვითმმართველობის არჩევნებიც შეაფასა და გამართულად ჩატარებული არჩევნებისთვის ცესკოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

„ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. არ უნდათ თქმა, რომ ჩვენ, რისთვისაც თავი გადავდეთ, მართლა განხორციელდა. 20%-ია გადათვლილი, ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული.

საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს იყო გამართული და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან რიგით თანამშრომლიანად – გამართული და აბსოლუტურად გამართული. ყველა შეფასებაში ასე წერია, ასე იწყება, რომ მადლობა იმისთვის, რომ იყო გამართული, არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა.

მე ახალ ცესკოზე ვსაუბრობ, ცესკოს ახალ შემადგენლობაზე, სადაც პირველადაა, რომ ოპოზიციონერია მოადგილე ცესკოს თავმჯდომარის და გამართულად იმუშავა. იმ საარჩევნო რეფორმამ, ჩაწიკწიკებულმა, მართლა იმუშავა, 100 მეტრის პერიმეტრმა იმუშავა. არჩევნების მეორე დღეს ყველა უბნის ჩანაწერი აიტვირთა. გამოვიდა მეორე დღეს ვინმე და „გადადექი, გადადექიო“ ან გაყალბდაო ყვიროდა? არა ხომ? ამას მივაღწიეთ.

თვითონ საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ, რითიც ძალიან ვამაყობთ, მეც, ლევან იოსელიანიც და მთელი ჩვენი პარტია, რომლებმაც თავი გადავდეთ ამისთვის. ვამბობდით, რომ ერთი დღე მოვიდეს არჩევნების მეორე დღეს როდესაც არ გამოვარდება ქუჩაში ხალხი და ეს დღე დადგა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.