„ღირსებად არ მიმაჩნია, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა“ – ნინო ბურჯანაძე

„ღირსებად არ მიმაჩნია რაც არ უნდა გაბრაზებული, აღშფოთებული იყო, ციხეში მყოფი მოშიმშილე ადამიანისათვის ფეხის დაჭერა, ნიშნისმოგებით საუბარი, ცინიზმი – ეს არ არის სამართლიანობა“, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები უპატივცემულობაა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნა დღეს უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა და კოალიციური მთავრობის შექმნა.

„ჩვენ არ გვიკვირს ხელისუფლების მხრიდან ცინიკური განცხადებები, იმიტომ რომ ერთადერთი, რასაც მივეჩვიეთ მათი მხრიდან ესაა უპატივცემულობა, დაცინვა, ცინიზმი, მასხრად აგდება.

ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი აქ არის ის, რომ სააკაშვილი არ ზის ციხეში სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მის მიმართ იმიტომ კი არ განხორციელდა ეს ღონისძიებები, რომ ხელისუფლების მხრიდან ვინმეს მართლა სამართლიანობის აღდგენა უნდა, არამედ ხელისუფლებას სჭირდებათ ძალაუფლებისთვის მიშა ციხეში იყოს.

ქართული საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს ვიბრძოლოთ ვადამდელი არჩევნებისთვის, კოალიციური მთავრობის, ხელისუფლებისათვის და სამართლიანი სასამართლოსთვის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.