თამარ გაბუნია – კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გაზრდილია კახეთში, რაც, ვფიქრობთ, რთველს უკავშირდება – გარკვეული მატებაა მეოთხე ტალღის პერიოდში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი ხუთი ათასს აღწევს.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია კახეთში.

„ვფიქრობთ, კახეთში ეს უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. გარკვეული მატება აღინიშნება უფრო ახალგაზრდა ჯგუფებში, შესაძლებელია, სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე იყო. მათი მცირე ნაწილია ვაქცინირებული და აკადემიურ გარემოში ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატებას ჯერ ვერ ვაფიქსირებთ, რაც არის იმედისმომცემი ნიშანი, შეიძლება, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან არსებობს ინფიცირებულთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ბინაზე რჩებიან და მცირე სიმპტომი აქვთ.

ამ შემთხვევაში, ამ ამბავს მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან ჩვენთვის მეოთხე ტალღა არ დასრულებულა. შემთხვევების რაოდენობა ისედაც მაღალი იყო, ეს არის გარკვეული მატება მეოთხე ტალღის პერიოდში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.