აუდიტის სამსახური: სააკაშვილი ერთსა და იმავე დროს იმყოფებოდა საფრანგეთის 2 სხვადასხვა სასტუმროში, ასევე ბათუმის „შერატონის“ 2 ნომერში და ამავე პერიოდში მილანში დერმატოლოგიური და სარესტორნო მომსახურება მიიღო

აუდიტის შესწავლის სფეროში მოექცა მიხეილ სააკაშვილის და მისი თანმხლები პირების მიერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქსა და საკურორტო ზონებში განხორციელებული ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო მომსახურების თარიღები ემთხვევა ერთმანეთს და შესაბამისად, ერთსა და იმავე თარიღებში მომსახურება განხორციელებულია რამდენიმე სასტუმრო დაწესებულებაში.

მათ შორის, საფრანგეთში კოტდაზურის სასტუმრო Vista palace hotel-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დაფიქსირებულია 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება – 17 აგვისტოს. შესაბამისად, ამ სასტუმროს მომსახურებისათვის ანაზღაურებულია 8,116 ლარი.

ამავე დღეს, აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ფრანგულ სასტუმრო La Resere de Beaulieu & Spa-ში (მდებარეობს ფრანგულ რივიერაზე ნიცასა და მონაკოს შორის) სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დაფიქსირებულია იმავე დღეს – 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება – 17 აგვისტოს. შესაბამისად, ამ სასტუმროს მომსახურებისათვისაც ანაზღაურებულია 8,268 ლარი.

„სულ, ერთსა და იმავე თარიღში ერთი დღის სასტუმრო მომსახურების ხარჯმა ორ სხვადასხვა სასტუმროში შეადგინა 16,385 ლარი. ამასთან, ფრანგულ სენ-ტროპეს სასტუმრო BYBLOS–ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 17 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება – 18 აგვისტოს, რაზეც ანაზღაურებულმა თანხამ 7,642 ლარი შეადგინა. თუმცა, ამავე სასტუმროს მიერ ამავე თარიღში ამავე საცხოვრებელ ნომერზე წარმოდგენილია მეორე ინვოისი, სადაც მითითებულია სააკაშვილის მიერ 17 აგვისტოს გაწეული სასტუმრო მომსახურების ხარჯი 13,840 ლარი (5,849.9 ევრო). ანუ, სულ ერთ დღეში – 17 აგვისტოს სააკაშვილის სასტუმრო მომსახურებაზე გაწეულია 21,481 ლარი.

მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს საფრანგეთში კუნძულ კორსიკაზე არსებულ სასტუმრო LA VILLA-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 18 აგვისტოს და გამგზავრება – 19 აგვისტოს, რაშიც ანაზღაურებულმა სასტუმრო მომსახურების ხარჯმა შეადგინა 4,261 ლარი. ამასთან, ნიცაში მდებარე სასტუმრო Radisson BLU-ში სააკაშვილის ჩასვლა და გამგზავრება წარმოდგენილი დოკუმენტებით დაფიქსირებულია ამავე თარიღებში (ჩასვლა – 18 აგვისტო, გამგზავრება – 19 აგვისტო), ხოლო აღნიშნულ სასტუმროში გადახდილია 4,535 ლარი“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტორებისთვის ამოუხსნელი დარჩა ერთი გარემოება: მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი სენ-ტროპესა და ნიცაში მდებარე სასტუმროებში ფიქსირდება, ზუსტად იმავე დროს, მის სახელზე სასტუმროს ნომერი აღებულია ბათუმში სასტუმრო „შერატონშიც“, სადაც პრეზიდენტის დაბინავება დათარიღებულია 18 აგვისტოთი, გამგზავრება კი – 19 აგვისტოთი. არადა, ამ დროს სააკაშვილი საფრანგეთის საკურორტო ზონაში იმყოფებოდა. ბათუმის „შერატონში“ პრეზიდენტის მომსახურებისთვის გადახდილია 817 ლარი.

უფრო მეტიც, „დოკუმენტების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება, რომ 2011 წლის 18-19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში დაბინავება და ცხოვრება ფიქსირდება საფრანგეთის 2 სხვადასხვა სასტუმროში და აგრეთვე, ბათუმში მდებარე სასტუმრო შერატონის 2 სხვადასხვა ნომერში. ამასთან, აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს იტალიის ქალაქ მილანში პლასტიკურ ქირურგ ჯან-ლუჯა კანპილიოსთან სააკაშვილისთვის გაწეულია დერმატოლოგიური მომსახურების ხარჯი 10,017 ლარის (4200 ევრო) ოდენობით. ასევე, ამავე თარიღში მილანში რესტორან Acantomilano-ში სარესტორნო მომსახურებისთვის გადახდილია 1,933 ევრო, ანუ ეს ფაქტებით ხარჯები გაწეულია და ფიქსირდება, როგორც საფრანგეთის 2 სასტუმროში ერთდროულად ცხოვრების, ასევე ბათუმის სასტუმრო შერატონის 2 სხვადასხვა ნომერში ცხოვრების და იმავე თარიღში იტალიის ქალაქ მილანში დერმატოლოგიური და სარესტორნო მომსახურებისთვის ხარჯების გაწევის ფაქტები. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, განხორციელებული ღონისძიებების რეალობისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების კანონიერების დადგენა ძიების საგანს წარმოადგენს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა, იმავე პერიოდში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან საფრანგეთის საკურორტო ზონებში სასტუმროს ხარჯები ანაზღაურებულია პრეზიდენტის გუნდის წევრებზე, კერძოდ: კობა ნაყოფიაზე, პეტრე ცისკარიშვილზე, გოკა გაბაშვილზე, გიორგი არველაძეზე და სხვ.

საერთო ჯამში, პრეზიდენტის და მისი გუნდის საფრანგეთის კურორტებზე ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტს 210 ათასი ლარი დაუჯდა.

სოლიდური თანხა დაჯდა სააკაშვილის და მისი თანმხლები პირების მოგზაურობა იტალიაშიც. აუდიტის მონაცემებით, 2011 წლის 4-7 სექტემბერს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულია 172 578 ლარი.