ლაშა დარსალია – ჟენევის დისკუსიების 54-ე რაუნდზეც, დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობისას, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა, ისინი ცდილობენ, რომ საქართველომ აღიაროს ე.წ. საზღვარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების როგორც ყველა რაუნდისას, ამ რაუნდზეც დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობის დროს, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დასრულება ვერ ხერხდება.

„როგორც ყველა რაუნდისას, ამ რაუნდზეც, როცა დევნილთა დაბრუნების თემაზე მივიდა მსჯელობა, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა. სამწუხაროა, რომ უკვე 54-ე რაუდია, ამ საკითხზე დისკუსიის ბოლომდე დასრულებას ვერ ვახერხებთ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ვვარაუდობდით, არის ხოლმე მცდელობა, ჰუმანიტარული საკითხები მიებას უსაფრთხოების საკითხებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება პირობადაც კი იქცეს, რომ მოხდეს გარკვეული დათმობები ფუნდამენტურ პოლიტიკურ თემებზე, რაც სამწუხარო რეალობაა.

თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების პრინციპულმა, კონსტრუქციულმა მიდგომებმა შესაძლებელია, მოგვცეს იმის საშუალება, რომ თანდათანობთ მოხდეს ამ ორი საკითხის გამიჯვნა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, უსაფრთხოების საკითხებისთვის მათი მიბმის გარეშე“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

რაც შეეხება კითხვას ე.წ. გადასასვლელების და თავისუფალი მიმოსვლის თემაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართველები უნდა ჩამოყალიბდნენ, სად შეიძლება მათთვის სიარული და სად – არა, – ლაშა დარსალიას განმარტებით, ეს არის სწორედ თემის პოლიტიზების მაგალითი.

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც ხდება თემის პოლიტიზება და ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება ზეწოლისთვის. როდესაც პირობა დგება, რა შემთხვევაში გაუმჯობესდება ჰუმანიტარული მდგომარეობა. კონკრეტულად თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ისინი ცდილობენ, რომ საქართველომ აღიაროს ე.წ. საზღვარი, რაც, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოხდეს თემების განცალკევება და თავისუფალ გადაადგილებაზე ვისაუბროთ, როგორც ჰუმანიტარულ თემაზე და არა პოლიტიკურ თემაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტატუს-ნეიტრალური მიდგომებით არის შესაძლებელი ამ საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.