იაგო ხვიჩია „ოცნების“ დეპუტატებს – რა კათარზისი მოხდა „ქართულ ოცნებაში“, რომ შეცვლილხართ და ითხოვთ, აკრძალოთ ის, რასაც ცოტა ხნის წინ თქვენ თვითონ აკეთებდით

რა კათარზისი მოხდა „ქართულ ოცნებაში“ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ შეცვლილხართ და ითხოვთ, აკრძალოთ ის, რასაც ცოტა ხნის წინ თქვენ თვითონ აკეთებდით, – ასე მიმართა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს, სადაც საარჩევნო სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

იაგო ხვიჩიამ მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვებით მიმართა და მათ ე.წ. სისხლიანი პლაკატები გაახსენა.

„ორი შეკითხვა მაქვს – სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ ყველანი ერთად ვადევნებდით თვალს საარჩევნო კამპანიას. მაგალითად, 66-ე მუხლში, რაც არის დამატებული, „დაუშვებელია ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტების, კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. რომ შექმნილიყო კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, მთელი თქვენი ინფრასტრუქტურა მუშაობდა იმ სისხლიანი პლაკატების გაკვრით და მთელი ეს პროცესი მიდიოდა საუბარი, ვინ მოღალატეა, ვინ გამცემია, ვინ ასეა და ვინ ისეა. რა შეიცვალა ფიზიკურად, რა კათარზისი მოხდა „ქართულ ოცნებაში“ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ შეცვლილხართ და ითხოვთ, აკრძალოთ ის, რასაც ცოტა ხნის წინ თქვენ თვითონ აკეთებდით.

მეორე შეკითხვა – წინასაარჩევნო რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერს და სიმბოლიკას. იქნებ გაქებთ? იქნებ თქვენი ქება მინდა, თუ რა კარგი პარტია ხართ, როგორ მინდა, რომ სულ იყოთ ან საერთოდ, რა შინაარსი აქვს იმას, რომ აუკრძალო სხვა პოლიტიკურ პარტიას მისი პოლიტიკურ ოპონენტის ხსენება, რომლის ლანძღვით, გინებით თუ კრიტიკით არის დაკავებული პროფესიულად. წინასაარჩევნო პერიოდში ამას უკრძალავთ, რომ არც კი ახსენოს“, – განაცხადა ხვიჩიამ. მან მმართველ გუნდს მიმართა, თუ რამე შეიცვალა მათში, ამის შესახებ განაცხადონ.

„შეიძლება გამოსწორდით, შეიძლება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რამე იცლება, ამ შემთხვევაში, მითხარით მაინც, მეც ვიცოდე, თუ რამე იცვლება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს და შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი ჩვეულ რეჟიმში განიხილონ.