ნამდვილად აბსურდის თეატრია, როცა მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს – მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ მეტი დემოკრატია, ნაკლები ძალადობა, სიტყვის მეტი თავისუფლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სასამართლოც კი იყო – თენგიზ ცერცვაძე

„სულ ახლახან, საკმაოდ დიდი პოლიტიკური აქტივობა, თავყრილობა იყო და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, საბედნიეროდ, არა უმრავლესობამ, წარსულში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროში, იმ კოშმარში დაბრუნების სურვილი გამოხატა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, აბსურდის თეატრია, როცა მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს.

„რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მათ მიაჩნიათ, რომ მაშინ მეტი დემოკრატია, ნაკლები ძალადობა, სიტყვის მეტი თავისუფლება იყო და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკეთესი სასამართლოც კი. სასამართლო მართლაც პოლიტიზებულია და დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სუსტი წერტილია, მაგრამ, გააჩნია, რას შეადარებ. თუ ევროპას შეადარებ, ასეა, თუ მაშინდელს, მაშინ კატასტროფა იყო. ნამდვილად აბსურდის თეატრია, როცა მოსახლეობის მესამედს წარსულში დაბრუნება სურს. მეორე, კიდევ უფრო გასაკვირი აბსურდის თეატრია ის, რომ ქვეყანაში, წარმატებული ვაქცინაციისთვის, ყველა პირობაა შექმნილი და ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.