არჩილ თალაკვაძე – მურუსიძე რომ კვლავაც სასამართლო სისტემაშია, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, სასამართლოს საქმეში პოლიტიკური ჩარევა არ ხდება

ძალიან ოსტატურად გადაზილეთ ერთმანეთში “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირე რამდენიმე ევროპარლამენტარი და საერთაშორისო საზოგადოება – პრაქტიკულად ტოლობის ნიშანი დამისვით იმაზე, რაზეც პასუხი უნდა გამეცა,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე – სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ევროპარლამენტარების წერილზე.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის დანაშაულზე არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, არამედ სტრასბურგის გადაწყვეტილებაც მიუთითებს.

“მე მინდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილი ორ საქმეზე იხდის მსჯავრს, ერთ – ერთია გირგვლიანის საქმე, რომელზეც არამხოლოდ ეროვნულმა სასამართლომ, არამედ სტრასბურგის სასამართლომაც პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი და მისი ქვემდებარე ყველა რგოლი და თანამდებობის პირი იყვნენ ერთ ხმაში, კოორდინირებულად ჩართული მოქალაქე სანდრო გირგვლიანის უფლებების დარღვევის და მისი მიჩქმალვის საქმეში, ეს არის უმძიმესი განაჩენი, რომელიც ასევე თავის გადაწყვეტილებაში თქვა საქართველოს სასამართლომ და სააკაშვილი დაადანაშაულა ამ მძიმე დანაშაულში. თქვენ თუ იცით უფრო სამართლიანი სასამართლო საერთაშორისო დონეზე ვიდრე სტრასბურგის სასამართლოა და უფრო სამართლიანი, ვიდრე ქვეყანაში გახლავთ უზენაესი სასამართლო, მაშინ, უნდა მოიფიქროთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხოლო მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის საქმე განიხილა, კერძოდ ლევან მურუსიძე დააწინაურეს, თალაკვაძე პასუხობს:

“ჩვენ არ დაგვიწინაურებია არავინ, ვისზეც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე იყო გამოკვეთილი.

ის რომ მურუსიძე კვლავაც სასამართლო სისტემაშია, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ სასამართლოს საქმეში პოლიტიკური ჩარევა არ ხდება და სასამართლო თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელი მოსამართლეები დაამტკიცოს უვადოდ და რომელი შემოიყვანოს სისტემაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.