თამარ გაბუნია: ბოლო პერიოდში მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს, არის ქუჩის აქციები, ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის

რაც არჩევნებს თავყრილობების სახით მოჰყვა, რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორი იყო – ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კოვიდინფიცირების მატების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მობილობა ის მთავარი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ “დელტა შტამთან” მიმართებით სიფრთხილე გასამმაგებულია, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება.

„რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში გამწვავება, რომ ისევ თითქმის 5000-მდე მივედით. ბოლო პერიოდში მობილობის ისევ უჩვეულო მატება გვაქვს. არის ქუჩის აქციები. თვითონ არჩევნები იმდენად რისკი არ არის, რადგან არჩევნების გარემო მართვადია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.