მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, თავად ჩამოვიდეს შეხვედრების ოთახში, სანამ მას ამის შესაძლებლობა აქვს – ადვოკატი

სპეციალისტებსაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლოა, უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა დღეს რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს კონსილიუმთან დაკავშირებით, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად შეიქმნა, განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს და “მას დიდად არ აინტერესებს ეს საკითხი”.

“ბუნებრივია, საერთო სისუსტე შენარჩუნებულია და გარდაუვალია, რომ დღითიდღე ეს სისუსტე მოიმატებს და უარყოფითი მხარეები ამ შიმშილობის მის ჯანმრთელობაზე აისახება. გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა წნევის ცვალებადობა. თუმცა საერთო ჯამში მისი ფსიქოლოგიური და მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის გამოიყურება მხნედ და შეხვედრების ოთახში გადაადგილდება საკუთარი ინიციატივით და აპირებს, რომ ასე გააგრძელოს, სანამ მას ფიზიკური შესაძლებლობა ექნება.

როგორც სპეციალისტებისგან მოვისმინეთ, მათაც უკვირთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან მე-18 დღეს შესაძლოა, უფრო რთული მდგომარეობა ყოფილიყო, რომ არა მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე. მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩამოვიდეს შეხვედრების ოთახში, სანამ მას ამის შესაძლებლობა აქვს”,- თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.