კლინიკები დატვირთულია, თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია, რადგან დედაქალაქში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, ჰოსპიტალიზაციის ციფრებიც შედარებით მცირეა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება რთული რჩება. როგორც გაბუნია აცხადებს, კლინიკები დატვირთულია, თუმცა თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია, რადგან მისივე თქმით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციის ციფრებიც შედარებით მცირეა.

„ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. გასული 24 საათის განმავლობაში 2 400-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 40-ზე მეტი გარდაცვალებაა. კლინიკები დატვირთულია. თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია, რადგან თბილისში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, შედარებით ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის ციფრებიც. ასევე, საყურადღებოა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. დღეიდან უკვე დაიწყო ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია. 50 ლოკაციაა შერჩეული, რათა ვაქცინაციის მარათონი, რომელიც დღეიდან დაიწყო, მომდევნო დღეებში აქტიურად გაგრძელდეს თბილისიდან ჩასულ ბრიგადებთან ერთად“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მისივე თქმით, სკოლებში ინფიცირების აქტიური გამოვლენა ხდება, თუმცა გაბუნია აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას საფრთხე არ დაემუქრება.

„სკოლებში ჯერ ხდება ინფიცირების აქტიური გამოვლენა, იზოლაცია და საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ღონისძიებები. ანუ, შეიძლება კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე. რამდენიმე სკოლა ასევე გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, აქტიური მართვის შედეგად, შესაძლებელი იქნება ამის შენარჩუნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.