ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და ხაზი გავუსვით, რომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, ხოლო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები სრულად ემსახურება პრინციპს „მეტი ნატო საქართველოში“ და „მეტი საქართველო ნატოში“. ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით პროგრესს ემსახურება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და მისი ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი – საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არსებითი თანადაფინანსებით ხორციელდება და უკვე სთავაზობს მაღალი დონის მზადყოფნაზე ორიენტირებულ საწვრთნელ შესაძლებლობებს. უახლოეს მომავალში ცენტრი ტრანსფორმირდება მსოფლიო დონის ნატოს სტანდარტების საწვრთნელ ცენტრად“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.