გურამ მაჭარაშვილი – ევროპარლამენტარებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქართველოში არსებულ რეალობას ასახავს

არ შეიძლება სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებით შენი გადაწყვეტილება, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეიძლება რაიმე ფორმით შეჩერდეს, მარტივად გამოაცხადო – ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები არის მათი შეფასება, რომელიც შესაძლოა, არსებული რეალობისგან განსხვავებული იყოს.

„ევროპარლამენტარებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქართველოში არსებულ რეალობას ასახავს. იცით, მე- 12 დაწესებულებასთან აქციაც ჩატარდა დაზარალებულების და იცით, რა პოზიცია აქვთ მათ ყოფილ პრეზიდენტზე. ამიტომ არ შეიძლება ასე მარტივად სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებით შენი გადაწყვეტილება გამოაცხადო, რომ მართლმსაჯულების აღსრულდება შეიძლება რაიმე ფორმით შეჩერდეს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს, მისი არჩევანი იყო საქართველოში ჩამოსვლა, რომელსაც პატივი სცა სამართალდამცავმა უწყებებმა.

„არ მგონია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე ტიპის გაურკვევლობა იყოს, საქმე არის ძალიან მარტივად. სამწუხაროდ, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოსულიყო მის საწინააღმდეგოდ და მერე, მიუხედავად ევროპარლამენტარების და პარტნიორების მოწოდებებისა, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, არ გაითვალისწინა ეს და ჩამოვიდა ისეთი ფორმით, რომ მიუღებელი იყო მით უფრო პრეზიდენტისთვის. ამიტომ, ეს იყო მისი არჩევანი, რომელსაც პატივი სცა სამართალდამცავმა უწყებებმა და ქართული მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულდება. მის შიმშილობასთან დაკავშირებით შექმნილია ჯგუფი, სადაც არის მისი პირადი ექიმი და მედიკოსთა ჯგუფი და ყოველდღიური მონიტორინგი ტარდება, გარწმუნებთ არანაირი პრობლემა ამ მიმართულებით არ არის,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.