სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა

სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში განთავსდა უამრავი ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემები და გავრცელებული მასალების უპრეცედენტო მოცულობის გათვალისწინებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგად არის მიღებული.

„2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ჯოზეფ კანატაჩის. სახალხო დამცველმა სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სავარაუდოდ უკანონო, ფართომასშტაბიანი მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის ფაქტებზე და თხოვა, მანდატის ფარგლებში შეისწავლოს და შეაფასოს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე ამავე მიზნით ეწვიოს საქართველოს.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოუწოდა – უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოწვევა, სავარაუდოდ უკანონო და სისტემური მოსმენებისა და პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის ფაქტების საკითხზე“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, გამოძიების ეფექტიანობის შესაფასებლად, სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა, რომელიც მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.

„დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი წლებია, მიუთითებს პირადი ცხოვრების უფლების დაცვის არასაკმარის საკანონმდებლო გარანტიებზე და მიიჩნევს, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების მომწესრიგებელი ცალკეული საკანონმდებლო ნორმები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, 2017 წელს სახალხო დამცველმა, საქართველოს მრავალ მოქალაქესთან ერთად კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოში სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ არსებითად განხილვის სხდომები 2018 წელს დასრულდა, თუმცა, სამწუხაროდ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელთან წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავრობა და სხვა პასუხისმგებელი მხარეები უფრო ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ, რაც დადებითად აისახება ქვეყანაში პირადი ცხოვრების დაცვის ხარისხზე. ასევე, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით სავარაუდო დარღვევების რისკების პრევენციისა და არსებულ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს კონსტიტუციით მასზე მინიჭებული საპარლამენტო კონტროლის ყველა საჭირო მექანიზმს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.