ზაალ უდუმაშვილი – მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, რათა გაერთიანდნენ მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატების გარშემო

აქტიურად დაიწყო მზადება მეორე ტურისთვის, ჩვენ გადავალთ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, რათა გაერთიანდნენ მეორე ტურში გასული ოპოზიციური კანდიდატების გარშემო.

„აქტიურად დაიწყო მზადება მეორე ტურისთვის. ჩვენ გადავალთ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. პარალელურად, მიმდინარეობს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმისთვის, რომ დღეს ყველა კარგად ვხვდებით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს იმ ოპოზიციური კანდიდატების გარშემო, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ. მათ რეალურად შეუძლიათ, გამარჯვებას მიაღწიონ მეორე ტურში. ეს იქნება სწორედ ის უდიდესი, წინ გადადგმული ნაბიჯი საბოლოო, მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც ხელისუფლების ცვლილებას ითვალისწინებს. ყველა, 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც წარმოდგენილია ოპოზიციური კანდიდატი, ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.