ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი: შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზთან, ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას

„ნატოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბარიერების აღმართვა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ნათლად ჩანს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, საოკუპაციო ხაზთან, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებენ.

„ჩვენ ამას ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალს და მხარს ვუჭერთ. აუცილებელია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველანაირ ძალისხმევასა და საერთაშორისო მოლაპარაკებას, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. ამ კუთხით, უმნიშვნელოვანესია ჟენევის მოლაპარაკებები, რომელთა მორიგი რაუნდიც ახლახან გაიმართა. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი და მხარი დავუჭიროთ მათ“, – აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს 19-20 ოქტომბერს სტუმრობს.