კონსილიუმის წევრი ექიმი – პროფილაქტიკის მიზნით, უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია მივეცით

მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ზურაბ ფაღავამ საპატიმროში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ შიმშილობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, მას აქვს გვერდითი, სხვა დაავადებები კიდევ და გართულებების რისკი საკმარისად მაღალია, ამიტომ, დავაყენებთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. უკვე დავწერეთ ეს ყველაფერი და რეკომენდაციები მივეცით. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.