იუსტიციის მინისტრი – მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული – სამინისტროს მიზანია, სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი

დღეს გაიმართა მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა, მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიზანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი.

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია და ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენ კვალიფიციურ პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციებს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში  მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. კონსილიუმის იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები – მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.