სააკაშვილის პირადი ექიმი: კონსილიუმის წევრებთან შევთანხმდით, რომ სააკაშვილის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია მოხდება, თუმცა ამაზე თავად ავადმყოფი უნდა დათანხმდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, პრევენციის მიზნით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია იგეგმება.

თუმცა, მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგან ამას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თანხმობა სჭირდება.

„შეხვედრა იყო კონსილიუმის წევრებს, ასევე იუსტიციის მინისტრსა და ჯანმრთელობის მინისტრს შორის, აგრეთვე ესწრებოდა დეპუტატი ხუნდაძე. გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და შევთანხმდით, ყველა ერთ ტალღაზე ვართ. მოხდება მისი პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. სად, ჯერ არ ვიცით. ჰოსპიტალიზაცია გადაწყვეტილი არ არის, რადგან ავადმყოფი უნდა დათანხმდეს ამაზე, მაგრამ ეს პრევენციული ჰოსპიტალიზაციაა, მგონი, შაბათს ან კვირას იქნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კონსილიუმის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.