თენგიზ ცერცვაძე: ამაზე ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს

თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის აზრით, წინ რთული პერიოდი გველოდება, რამაც შესაძლოა კლინიკურ სექტორზე სერიოზული გავლენა იქონიოს.

„ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საგანგაშოა. 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.