ზაალ უდუმაშვილი – ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებს

ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საათებზე და წუთებზეა საუბარი, ხოლო შემდეგ შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც იყოს ექიმების ჩარევა.

მისივე თქმით, მე-18 სამკურნალო დაწესებულება სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის.

„შეიძლება უმძიმესი და სავალალო შედეგი მივიღოთ, რადგან ახლა საუბარია არა დღეებზე, არამედ საათებზე და წუთებზე, რადგან სააკაშვილის მდგომარეობა როდის შეიცვლება და დამძიმდება, არავინ იცის, შემდეგ შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც იყოს ექიმების ჩარევა. კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მას სჭირდება მრავალპროფილურ დაწესებულებაში მკურნალობა, სადაც იქნება კონკრეტული აპარატურა „ემერაი“, „კატე“ და სხვა აპარატურები, რაც ციხის საავადმყოფოს არ აქვს.

მეორე საკითხია უსაფრთხოება. გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს მძიმე მოქმედებები ადგილობრივი პატიმრების მხრიდან, რომელსაც ხელისუფლება დააორგანიზებს. რაც შეეხება პრივილეგიებს, არც სააკაშვილი და არც ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს, როცა ნებისმიერი პატიმარი ცუდად ხდება და მას ვერ ეხმარებიან, ის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს მიღებული პრაქტიკაა და სააკაშვილი განსაკუთრებულ გამონაკლისს არაფერს ითხოვს. სჯობს, ხელისუფლება გონს დროულად მოეგოს, რადგან პასუხისმგებლობა მას აკისრია“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.