მამუკა არეშიძე – 2007 წელს, როგორც კი გავიგე, რომ გაჭირდა მიმოსვლა, ჩავედი გარეჯში, ვხვდებოდი, გარკვეული პოლიტიკური ინიციატივები იყო აზერბაიჯანის მხრიდან – მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ეს დიდი პოლიტიკის თემა იყო

2007 წელს, როგორც კი გავიგე, რომ გაჭირდა მიმოსვლა, ჩავედი გარეჯში, ტენდენცია იმისა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმოსვლა გაიზარდა იქ, ჩემთვის 2007 წელს გახდა ნათელი, – ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

არეშიძის თქმით, ამ ყველაფრის მიზეზის ძებნა დაიწყო მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.

„1999 წლიდან დაკავებული ვიყავი უსაფრთხოების საკითხებით. ეს ეხებოდა რეგიონული პოლიტიკის ზოგიერთ ნიუანსს, მათ შორის საზღვრებს. ამ თემით დავკავდი 1995 წელს, მას შემდეგ, რაც გავხდი პარლამენტის წევრი. როცა დავასრულე ვადა, უკვე არასამთავრობო სექტორში გადავინაცვლე.

შემიძლია, საზღვარზე ცალკე გესაუბროთ, გარეჯზე ცალკე. პირველი ურთიერთობა საზღვართან მქონდა აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ. ჩხეიძესთან გარკვეული საბჭო იყო, რომელიც საზღვრებზე საკითხებს სწავლობდა.

იმ მომენტიდან, თავიდან როგორც ჟურნალსიტი, მასთან ვურთიერთობდი ამ საკითხებზე. დაახლოებით 1988-89 წლებში, ირაკლი მახარაძესთან, ჩემი ახლო ადამიანია, რომელიც შემდეგ მეუფე გახდა, ურთიერთობების გამო, ხშირად ვიყავი გარეჯში. მე, როგორც ჟურნალისტიც საზოგადოებრივი არხიდან და როგორც მისი მეგობარიც, იქ ხშირად ვიყავი. 80-იანების ბოლოს საერთოდ ყურადღება აღარ ექცეოდა ამ რეგიონს, მაგრამ აზერბაიჯანის მხრიდან ექცეოდა ყურადღება. მიმოსვლა თავისუფალი იყო, ხელს არ გვიშლიდნენ. შემდეგში, როცა გავხდი პარლამენტის წევრი, რამდენჯერმე მომიხდა იქ ყოფნა პირად მიზნებზე და არავითარი შემხვედრი გარემოება არავისგან არ არსებობდა. ძალიან კარგად მახსოვს, უამრავი ახალგაზრდა მონაწილეობდა იქაური ძეგლების კეთილმოწყობაში. მოვიდა ჩემთან ინფორმაცია, რომ გაჭირდა ამ ძეგლებთან მისვლა. ეს იყო 2007 წელი. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ისევ ჩავედი გარეჯში, როგორც კი გავიგე, რომ გაჭირდა მიმოსვლა, მაშინვე წავედი. მახსოვს, რომ იქ მესაზღვრეებიც მოვიდნენ, განსაკუთრებით არავინ შეავიწროვეს. ტენდენცია იმის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმოსვლა გაიზარდა იქ, ჩემთვის 2007 წელს გახდა ნათელი. მიზეზი არ ვიცოდი და მიზეზის ძებნა დავიწყე მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის განმარტებით, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან კითხვები ჰქონდა, თუმცა ვერც ერთზე პასუხი ვერ მიიღო.

ამასთან, მან გაიხსენა ივერი მელაშვილთან შეხვედრა, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრებს ეხებოდა.

„ვხვდებოდი, რომ გარკვეული პილიტიკური ინიციატივები იყო აზერბაიჯანის მხრიდან, არსებულ ხელისუფლებასთან კითხვები მქონდა და ვერც ერთზე პასუხი ვერ მივიღე. აი, დაახლოებით ასეთი სურათი იყო. მე მელაშვილის გარდა, კომისიის წევრები სხვა არავინ ვიცოდი. ადამიანები, ვისთანაც მე მქონდა შეხება, კავშირში იყვნენ კომისიის წევრებთან. აქედან გამომდინარე, მე მათთან შეხება მქონდა არაპირდაპირი, ირიბი. მე მიმქონდა ინფორმაცია ასეთ ადამიანებთან. მოდიოდა გაუგებარი ინფორმაცია, ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, ვითარება რატომ იცვლებოდა გარეჯის გარშემო ასეთი ფორმით. ამ განწყობის ინფორმაცია მოდიოდა ჩემამდე. მაგალითად, ცნობილი იყო ჩემთვის ზაზა კანდელაკი, ადამიანი, ვისაც ვიცნობდი, კომისიის თავმჯდომარე, წევრები. კომისიის თავმჯდომარეები სხვა ფუნქციას ასრულებდნენ მანამდე და როცა მოდიოდნენ, სიტუაციის გარკვევით იყვნენ დაკავებული და კომისიის სხვა წევრების აზრს ეყრდნობოდნენ.

მე და ჩემი ჯგუფი მაშინ რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე ვმუშაობდით. კერძოდ, მამისონის მონაკვეთზე. მაშინ შევხვდით მის კაბინეტში, ცოტა უხერხულია ჩემგან ამის თქმა, მაგრამ მელაშვილმა გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არ ვართ კომპეტენტურები და საქმე ის არის, რომ ეს დიდი პოლიტიკის თემა იყო. ჩვენ იქიდან წამოვედით ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე. ჩემთვის გიორგი ოთხმეზურის, ჩემი მეგობრის, ისტორიკოსის აზრი სულ იყო მნიშვნელოვანი.

ასევე, მქონდა შეხება ზოგიერთ სხვა ადამიანთან, რომლებიც ყოფილი კომისიის წევრები იყვნენ, გვარებს ვერ ვიტყვი, თავს შევიკავებ. მრჩებოდა შთაბეჭდილება, კომისია, რომელიც ამდენი წელი მუშაობდა, გარკვეული ბარიერის წინაშე აღმოჩნდა და ეს ბარიერი 2006 წლის შუალედური დასკვნა იყო. ამის მერე მოხდა რაღაცების გააქტიურება. ამასობაში მესაზღვრეები გაჩნდნენ. ამ ინფორმაციებმა, ანალიზმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ იქმნდებოდა არაჯანსაღი ვითარება, რომ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ან მიღებულია ან უნდა მიიღონ. 2016 წლიდან მეც მოვინდომე ამ საქმეში ჩართვა, რასაც ჰქვია რუკების პოვნა. ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ მითხრა, როგორი ტიპის რუკა უნდა ყოფილიყო, გადავამოწმე და გავარკვიე, რომელი რუკა უნდა ყოფილიყო. 1938 წელს გამოშვებული რუკა, რომელსაც აქვს წითელი, ბეჟი, 1:200 000. ეს იყო საბჭოთა პერიოდში გამოშვებული სპეციალიზირებული რუკები.

მე მქონდა საშუალება, ამ რუკების ძებნა დამეწყო უკრაინის და ყირგიზეთის არქივებში, მაგრამ ვერ მივაგენი. მე მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობდნენ რუსეთში, მათ შორის ერთ-ერთია ადამიანი, ვინც რუსეთის ჯარის სტრუქტურაში იყო. მასთან მქონდა საუბარი. აქ ლაპარაკი იმაზე კი არ იყო, რუკა მოეცა, მთავარი იყო, მიეგნო- ვერ მიაგნო. ჩვენი რესურსით ვერ ვიპოვეთ, თუმცა მცდელობა იყო. სხვა დოკუმენტები ნაპოვნი იყო, მაგრამ რუკა ვერა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.