ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილობასთან დაკავშირებით 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, სააკაშვილი დღის წესრიგში აღარ იქნება

მიხეილ სააკაშვილს და იმიტირებულ შიმშილის ქრონიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე.

„გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არც ერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი საერთოდ გაქრება ჩვენი დღის წესრიგიდან. შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე. როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე. ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა. იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს. არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო ციხეში. რა სტანდარტითაც მოქმედებს, იმოქმედებს ყოველთვის სახელმწიფო სხვა მოშიმშილეების, პატიმრების მიმართ, იგივე სტანდარტებით იმოქმედებს სახელმწიფო პატიმარ, უმძიმეს დამნაშავე სააკაშვილის მიმართაც“, – განაცხადა კობახიძემ.