ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, დაიწერა 15 საჩივარი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და დაიწერა 15 საჩივარი.

„ჩვენ მიერ დაფიქსირდა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 15 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

თბილისში #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #84 უბანზე, #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #40 უბანზე და #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #62 უბანზე, ასევე #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #15 უბნის გარეთ პოლიტიკური პარტიების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს ჰქონდა ადგილი.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

#33 ქარელის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ძალადობის შემთხვევის შესახებ ვიდეომასალა გაავრცელა „ტვ მონიტორინგმა“, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ფიზიკურად უსწორდება ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს.

#64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის #1 უბნიდან „გურია ნიუსის” ჟურნალისტი უკანონოდ გამოაძევეს იმ მიზეზით, რომ ის საკუთარი ტელეფონით ვიდეო გადაღებას აწარმოებდა.

#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვას.

კერძოდ, დამკვირვებლები ნაკადის მომწესრიგებლის ან რეგისტრატორის გვერდით იდგნენ, ყველა ამომრჩევლის ვინაობით ინტერესდებოდნენ და ინფორმაციას დისტანციურად გადასცემდნენ. ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა #19 თიანეთის და #79 ბათუმის საარჩევნო ოლქებში.

გარდა ამისა, #79 ბათუმის, #17 თელავის და #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორები მოსული ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ინიშნავდნენ. მათი თქმით, ამას ისინი კომისიის თავმჯდომარის დავალებით აკეთებდნენ. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ეს ქმედება.

მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

#69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-მდე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. დავწერეთ საჩივარი და კომისიის თავმჯდომარისა და ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში #15 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, „კავშირი მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი თინათინ კაკაჩია აპირებდა უბანზე ფულის დარიგებას. ამ ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი უბნის შიგნით და გარეთ. ფიგურანტები პოლიციაში გადაიყვანეს გამოსაკითხად.

#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას. #58 და # 104 უბნებზე „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ და „კავშირის მწვანე დედამიწას” დამკვირვებლები იდგნენ რეგისტრატორთან და აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას, რომელსაც ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირს. მითითების შემდეგ შეწყვიტეს აღწერილი ქმედება.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #36-ე უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა ხმა მისცა სხვა უბანზე ძირითადი სიის მეშვეობით, ხოლო ამ უბანზე სპეციალური სიის მეშვეობით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password