ზურაბ ჯაფარიძე – ქვეყანაში საბოლოოდ გაიმარჯვა თავისუფლებამ – ეს არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული

ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები, – ამის შესახებ პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ გამარჯვება კოალიციური მმართველობის მხარეს არის.

„რიცხვები, რომელიც ორმა ეგზიტპოლმა დაწერა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ გამარჯვება არის კოალიციის მხარეს. ახლა ხმები არის დასაცავი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ახლა საარჩევნო უბნებზე მიდის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აკვირდება და იცავს ხმებს. იმის გათვალისწინებით, როგორ ტარდება ამ ქვეყანაში არჩევნები – შანტაჟის, დაშინების, სუს-ის მუშაობის, ხმების მასიური ყიდვის და ა.შ ფონზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როცა „იმედის“ ეგზიტპოლი წერს იმ რიცხვებს, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში საბოლოოდ გაიმარჯვა თავისუფლებამ. ეს არჩევნები კოალიციას აქვს მოგებული. პირადად ბოლო წლებია ამ დღეს ველოდებოდი, რომ ამ ქვეყნის მოქალქეებს ხმამაღლა ეთქვათ, ეს ქვეყანა არ არის მონების ქვეყანა, რომ თავზე მოაჯდე და აკეთო ის, რაც გინდა. დღეს დავინახე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ეს პასუხი გასცეს ყველას. ჩვენ საკუთარი თავისთვისაც გვჭირდებოდა ამის დამტკიცება. ამ ქვეყანაში არ გამოვა ისეთი ტიპის მმართველობა, რომელიც ბოლო წლებია. ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი ხალხის ქვეყანა, ეს პასუხი გასცეს დღეს მოქალაქეებმა პირველ რიგში, ივანიშვილს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.